„ევროპის ქვეყნები ამ ბრძოლაში ერთიანნი უნდა იყვნენ და საქართველოც ამ დისკუსიაში უნდა იყოს ჩართული“

„ევროპის ქვეყნები ამ ბრძოლაში ერთიანნი უნდა იყვნენ და საქართველოც ამ დისკუსიაში უნდა იყოს ჩართული“

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვა ყველა ცივილიზებული ქვეყნის უმთავრესი ამოცანაა, მაგრამ ამავე დროს უსაფრთხოებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის სწორედ ის დისკუსია, რომელიც დაიწყო არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, ეს დისკუსია დარწმუნებული ვარ, მომდევნო თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება და ვფიქრობ, საქართველოც უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიაში. პარიზში შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა ამაზე მიუთითებს, აგრეთვე ის ინფორმაცა, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში ვიღებთ. ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს უფრო მეტი კოორდინაცია ჰქონდეთ, განსაკუთრებით სპეცსამსახურებს შორის, რადგან ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტი. ეს არის ზოგადად თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული აქტი. ამ ბრძოლაში ერთიანნი უნდა იყვნენ ევროპის ქვეყნები და საქართველო, როგორც ევროპის ქვეყანა, ამ დისკუსიაში ჩართული უნდა იყოს. მაგრამ ამ დისკუსიას მოსდევს მეორე მხარე - რამდენად შეიძლება განხორციელდეს უსაფრთხოების ზომები, რომ ამავე დროს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მისი გადაადგილების, სიტყვის თავისუფლების უფლება და ა.შ. არ დაირღვეს. ასე, რომ სწორი ბალანსის მოძებნა უსაფრთხოების ზომებსა და ადამიანის სხვა უფლებების დაცვას შორის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ევროპული ქვეყნები, ზოგადად დასავლეთი დგას და მე მათ რიცხვში საქართველოსაც მოვიხსენიებდი“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.  

მისივე თქმით, დღეს მისი გზავნილი იდენტურია იმ გზავნილისა, რომელიც მთელს ცივილიზებულ სამყაროს აქვს.

„ჩვენ ფრანგი ხალხის სოლიდარულნი ვართ, ჩვენ თავისულაფი ქვეყნების, სიტყვის თავისუფლების მიმართ სიმპათიით ვართ განწყობილნი. მიმაჩნია, რომ ეს იყო შეტევა სიტყვის თავისუფლებაზე, ადამიანის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე და ასეთ შემთხვევაში საჭიროა მთელი მსოფლიოს სოლიდარობა, რისი გამოხატულებაც არის ეს მარში. ჩვენი გზავნილი მთელი ცივილიზებული სამყაროს გზავნილისაგან არ განსხვავდება“,-  განაცხადა ფანჯიკიძემ.

აქვე ყოფილმა მინისტრმა განმარტა, რომ სიტყვის თავისუფლებას საზღვრები აქვს და ამ საზღვრებს ჟურნალისტის პროფესიონალიზმი განსაზღვრავს.

„მაგალითად შეურაცხყოფა, ცილისწამება, ყველაფრი თქმის უფლება არავის აქვს, მათ შორის არც ჟურნალისტს“ , - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ პარიზში ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობის მარში იმართება.