ირაკლი ღარიბაშვილი ელისეის სასახლეში იმყოფება

ირაკლი ღარიბაშვილი ელისეის სასახლეში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარიზში ჩავიდა. ის საფრანგეთში საქართველოს ელჩთან, ეკა სირაძე-დელონესთან ერთად, უკვე მივიდა ელისეის სასახლეში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩასულ სტუმრებს ხვდება.

მარშში, რომელიც თბილისის დროით 18:00 საათზეა დანიშნული, მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ორლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა.

საქართველოს პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ ატქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.