ბარაქ ობამა პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშში მონაწილეობას არ მიიღებს

ბარაქ ობამა პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშში მონაწილეობას არ მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშში მონაწილეობას არ მიიღებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის საფრანგეთში დაგეგმილ სოლიდარობის აქციაზე იუსტიციის მინისტრი ერიკ ოლდე წარმოადგენს.

მარშში, რომელიც პარიზის დროით 15:00 საათზეა დანიშნული, მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და 40-ზე მეტი ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. 

ერთობის მარშში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და პალესტინის ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა. რუსეთის დელეგაციას პარიზში დაგეგმილ აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს. 

სოლიდარობის აქციაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვ.

საქართველოს პარიზში დაგეგმილ ერთობის მარშზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარმოადგენს.

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასა და შემდეგ განვითარებულ ტერორისტულ აქტებს საფრანგეთში 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.