რენო სალენსი - საქართველოს მხარდაჭერამ შემძრა

რენო სალენსი - საქართველოს მხარდაჭერამ შემძრა

მე შემძრა საქართველოს მხარდაჭერამ, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, საფრანგეთში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს რეაქციის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს რეაქციამ აჩვენა კავშირი დემოკრატიასთან, ტოლერანტობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. სალენსის განცხადებით, საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ ქართველებშიც იგივე გრძნობა გამოიწვია, რაც მაგალითად ამერიკელებში, ავსტრალიელებში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში. 

"მე შემძრა საქართველოს მხარდაჭერამ. საელჩოში მოვიდნენ მინისტრები, პრეზიდენტი. რიგიდან მესიჯი მომწერა თამარ ბერუჩაშვილმა. ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე მთავრობისგან, ოპოზიციისგან, ყველა რელიგიური საზოგადოებისგან, რიგითი მოქალაქეებისგან. ფრანგულ ინსტიტუტთან ასეულობით ქართველი მოვიდა სოლიდარობის გამოსახატად. საფრანგეთში მომხდარმა ტრაგედიამ ქართველებშიც იგივე გრძნობა გამოიწვია, რაც მაგალითად ამერიკელებში, ავსტრალიელებში და ა.შ. საქართველომ აჩვენა კავშირი დემოკრატიასთან, ტოლერანტობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან. ქართველების რეაქცია აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება პროგრესული საზოგადოებაა. საფრანგეთი თანამშრომლობს საქართველოსთან კონტრტერორისტულ საკითხებში. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოკავშირეა ტერორიზმთან ბრძოლაში", - განაცხადა სალენსმა. 

მისივე თქმით, დღეს ყველას ესმის, რომ დემოკრატია, ტოლერანტობა და თავისუფლებაა სამიზნე და ამიტომ პრობლემა უნივერსალური საკითხი გახდა.

"თუ მსგავსებაზე ვისაუბრებთ, მთავარი მსგავსება არის, რომ სამიზნე ამ შემთხვევაშიც ერთია - გამოხატვის თავისუფლება, ტოლერანტობა, დემოკრატია და მეორე არის ის რეზონანსი, რაც ამ მოვლენებმა მსოფლიოში გამოიწვია. ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ რეაქციებმა, როდესაც ვუყურებდი, მათ შორის საქართველოში, კამპანიას "მე ვარ შარლი". დღეს ყველას ესმის, რომ დემოკრატია, ტოლერანტობა და თავისუფლებაა სამიზნე და ამიტომ ჩვენი პრობლემა უნივერსალური საკითხი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მივეკუთვნებით ერთსა და იმავე მსოფლიოს, ვიზიარებთ ერთსა და იგივე პრინციპებს და გვინდა დავიცვათ ისინი ერთი და იგივე გზით", - განაცხადა სალენსმა.