როგორც ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იდეალური იქნებოდა, საფრანგეთში ტერორიზმის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ქვეყნის პრეზიდენტი სხვა პარტიის წარმომადგენლებთან ერთად გამგზავრებულიყო.
„მე მიმაჩნია, რომ ამ შეხვედრაზე წასვლა არის აუცილებელი საქართველოს მხრიდან. საქართველო აუცილებლად უნდა იყოს იქ წარმოდგენილი და რადგანაც თანაგრძნობა არის ასეთი საყოველთაო, მე მაგალითად, იდეალურად მივიჩნევდი თუკი წავიდოდა პრეზიდენტი და მასთან ერთად წავიდოდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლები. სწორედ იმის ხაზგასასმელად, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის თანაგრძნობა, არამედ არის სრულიად საქართველოს თანაგრძნობა“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
11 იანვარს პარიზში ერთიანობის მხარდამჭერი მიტინგი გაიმართება, რომელშიც ევროპის ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. აქციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში სამი შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა. სროლების შედეგად 12 ადამიანი, მათ შორის მთავარი რედაქტორი, რამდენიმე კარიკატურისტი და ორი პოლიციელი გარდაიცვალა, 11 კი დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები სტამბაზე შტურმის შედეგად მოკლეს, სადაც მათ მძევალი ჰყავდათ აყვანილი, კიდევ ერთი თავდასხმელი კი პოლიციას ჩაბარდა.
9 იანვარს ამედი კულიბალი პარიზში ერთ-ერთ სუპერმარკეტში ძმებ კუაშების მხარდაჭერის მიზნით შეიჭრა და მძევლები აიყვანა. სპეცოპერაციის შედეგად ისიც მოკლეს, მასთან ერთად მყოფმა ქალმა კი გაქცევა მოახერხა.