გიორგი მღებრიშვილი ე.წ. უდო-ს კომისიასთან დაკავშირებით არასამთავრობოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება

გიორგი მღებრიშვილი ე.წ. უდო-ს კომისიასთან დაკავშირებით არასამთავრობოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდება

სასჯელაღსრულების სამინისტროში ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წევრებისა და მინისტრის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილ იმ კანონპროექტს ეხებოდა, რომლის თანახმადაც ე.წ.უდო-ს კომისია შესაძლოა გაუქმდეს. ეს კომისია პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს იხილავდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. კობაიძემ იმედი გამოთქვა, რომ ე.წ.უდოს კომისიასთან დაკავშირებით გამოთქმული მათი შენიშვნები სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება.

კობაიძის ტქმით, მინისტრთან შეხვედრა უახლოეს პერიოდში კვლავ იგეგმება და ამისათვის მან მინისტრს მადლობა გადაუხადა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა. მისი განცხადებით, სამინისტრო კონსტრუქციული დიალოგისათვის ყოველთვის მზად არის.

"დღესაც კონსტრუქციული დიალოგი შედგა. მოსვლის დღიდან ვთქვი, რომ მუდამ კომუნიკაციაში ვიქნები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ერთ აზრზე ვერ ვიქნებით, მაგრამ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ არგუმენტებს და გავითვალისწინოთ", - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილმა დაადასტურა, რომ ასოციაციის წევრებს კანონპროექტთან დაკავშირებით მომავალშიც შეხვდება.

"კანონპროექტი წარდგენილია პარლამენტში და თუ ვინმეს რამე აქვს გასაპროტესტებელი, უნდა გააპროტესტოს პარლამენტთან, მაგრამ მე კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგისათვის", - დასძინა მინისტრმა.