"ევროპის ქვეყნებისა და რუსეთის დაძაბულმა ურთიერთობებმა შესაძლოა, ბირთვულ ომამდე მიგვიყვანოს"

ამის შესახებ სსრკ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა Der Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა და გერმანიას მოუწოდა, უკრაინის კრიზისში არ ჩაერიოს.

"რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის დაძაბულმა ურთიერთობებმა, რომელიც უკრაინის კრიზისითაა გამოწვეული, შესაძლოა, არა მხოლოდ ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებამდე, არამედ ბირთვულ ომამდე მიგვიყვანოს. ასეთი სახის ომი, აუცილებლად გამოიწვევს ბირთვულ ომს. ჩვენ ვერ შევძლებთ უახლოესი წლების გადატანას, თუ ვინმეს შექმნილი სიტუაციის გამო ნერვები არ ეყოფა", - განაცხადა გორბაჩოვმა.

ამასთან, მან გერმანიას მოუწოდა, უკრაინის კრიზისში არ ჩაერიოს.

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ განცხადებას პირველად არ აკეთებს. გასული წლის დეკემბერში მან ქვეყნებს მოუწოდა, "გლობალური გამოწვევებისა და საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას დაუბრუნდნენ". იქამდე ერთი თვით ადრე კი გორბაჩოვმა ევროკავშირს და აშშ-ს ურჩია, რუსეთის პრეზიდენტს მოუსმინონ.