ერევნის „მალინა“-„შაქრო“, „ტარო“, „მერაბა“ და სხვები...„ქურდების სამიტის“ დეტალები

ერევნის „მალინა“-„შაქრო“, „ტარო“, „მერაბა“ და სხვები...„ქურდების სამიტის“ დეტალები

ცნობილი ხდება ერევანში გამართული დიდი „ქურდული შეკრების“ ახალი დეტალები. მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის შს სამინისტრო და ერევნის პოლიციის მთავარი სამმართველო შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ, სხვადასხვა მედიასაშუალებებში შეხვედრისა და მასში მონაწილეთა ვინაობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ასეთი ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს სამიტზე“ დსთ-ს ქვეყნებდან და საქართველოდან 100-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი მონაწილეობდა და მსგავსი ტიპის შეხვედრა ბოლო 20 წელია არ ჩატარებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის ორგანიზება კრიმინალურ სამყაროში ცნობილი არტემ არუთუნიანის, იგივე არტიომ კანეევსკის წყალობით მოხდა.

ე.წ. „მალინა“, რესტორან „არსნაკარ“-ში გაიმართა, რომელიც ექს პარლამენტარს, სომხეთის „რესპუბლიკური პარტიის“ წევრს და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს რუბენ აირაპეტიანს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაში მონაწილე „კანონიერ ქურდებს“ შორის იყვნენ: რობინზონ არაბული-„რობინზონი“, გიორგი უგლავა-„ტახი“, დავით სებისკვერაძე-„დათო“, ვაჟა ბიგანიშვილი-„ვაჟა“, ამირან სოფრომაძე-„სოპოტია“, ოლეგ შიშკანოვი-„შიშკანი“, ბორის აპაკია-„აპაკელია“, ხუსეინ ახმადოვი-„ბრმა ხუსეინა“, ვადიმ სარბეკოვი-„ჩებურაშკა“, ანდრეი მიროედოვი-„მირიჩა“ და სხვები.ერევანში ჩასვლა ვერ მოახერხა ბევრმა ავტორიტეტულმა კანონიერმა ქურდმა. მათ შორის დედ ხასანის გარდაცვალების შემდეგ „სლავიანსკების დაჯგუფების“ ლიდერებმა-ვასილი ხრისტოფოროვმა-„ვოსკრესამ“ და იური პიჩუგინმა-„პიჩუგამ“. კიდევ ერთი კანონიერი ქურდი ალექსაი გუდინი, იგივე „ლიოხა ირკუტსკი“ ერევანში გამგზავრების წინ დონის როსტოვის აეროპორტში გაფრენის წინ იქნა დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით შეკრებაზე „ქურდობა შეუჩერეს“ როვშან ჯანიევს-„როვშან ლიანკორანსკის“ და ქართველ კანონიერ ქურდს ჯემალ მიქელაძეს-„ჯემოს“, რომელიც ამჟამად სასჯელს ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვისათვის იხდის. თუმცა მიქელაძისთვის ქურდობის შეჩერების შესახებ ინფორმაციას სხვა წყაროები არ ადასტურებენ და ამავე ინფორმაციის თანახმად მიქელაძე კალაშოვმა დაიცვა. შეხვედრის მთავარი თემა ტარიელ ონიანის, მერაბ ჯანგველაძისა და ასლან მუსოიანის კლანებს შორის დაპირისპირების შეჩერება იყო. გადაწყდა, რომ სანამ არ არის დამადასტურებელი ფაქტები რომ „ტარო“(ონიანი) და მერაბ სოხუმელი კავშირში არიან დედ ხასანის და „იაპონჩიკის“ მკვლელობასთან, მათ ქურდულ სტატუსზე მსჯელობა არ იქნება. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მას შემდეგ რაც ტარიელ ონიანი რუსეთის, ხოლო და მერაბ ჯანგველაძე იტალიის ციხიდან გამოვა ისინი თავად გასცემენ პასუხს მათ წინაშე არსებულ შეკითხვებსა და პრეტენზიებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ „ტაროს“ და „მერაბის“ მკვლელობებთან კავშირი დადასტურდა, მათი „განაჩენი“ სიკვდილი იქნება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერევნიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ შაქრო კალაშოვი დედ ხასანის და იაპონჩიკის საფლავებზე იყო და დაიფიცა, რომ მათ მკვლელობებს არავის აპატიებს.

ერევნის შეხვედრის სხვა შედეგი ის არის, რომ 2008 წლამდე „ქურდულ ხარისხში აყვანილების“ სტატუსი ეჭვქვეშ დადგა მათ „ქურდობის მსურველები“ ეწოდათ და დაკვირვების ქვეშ მოხვდნენ. ამასთან, კრიმინალებმა ბადრი კოღუაშვილის, იგივე ბადრი ქუთაისელის წერილი განიხილეს, სადაც პატიმრობაში მყოფი ქურდი სტატუსის დაბრუნებას ითხოვდა-ქურდებმა კოღუაშვილს სტატუსი ერთხმად დაუბრუნეს. გარცელებული ინფორმაციით კალაშოვმა კოღუაშვილს ძმაც კი უწოდა. შეკრებაზე ასევე იმსჯელეს იმ ფაქტზე, რომ ერევანში არ ჩავიდნენ ქართველი კანონიერი ქურდები გელა ქარდავა-„გელა“, როლანდ გეგეჭკორი-როლანდ შლიაპა და მერაბ მზარეულა დუიაქე. გადაწყდა, რომ მათი ქმედება პირადი შეხვედრის დროს, განხილვის საგანი იქნება. სააგენტოების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კლანებს შორის დაპირისპირების საკითხის გადაჭრა რამდენმე ქურდის ადგილზე არყოფნის გამო ვერ შედგა, იკვეთება, რომ შაქრო კალაშოვმა რომელიც ესპანეთის ციხიდან არა საქართველოში, არამედ რუსეთში დაბრუნდა, კრიმინალური სამყაროს საკუთარი ფიგურის ირგვლივ გაერთიანება განიზრახა. ამას ისიც მოწმობს, რომ კალაშოვი „იზმაილოვის“ დაჯგუფების ლიდერს სერგეი აქსენევს შეურიგდა. მოახერხებს თუ არა კალაშოვი კრიმინალური კლანების გაერთიანებას, ეს ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა, მითუმეტეს, რომ მას სხვადასხვა დაჯგუფებაში ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, მათ შორის ისეთი „კანონიერი ქურდები“, რომლებიც დედ ხასანის გარდაცვალების შემდეგ ლიდერის პოზიციებზე მოხვდნენ.