პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

პრეზიდენტი ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.

კლუბ "რიყე ბასიანში" გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი მეუღლესთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად იმყოფებოდა. აღნიშნული პროექტი სწორედ პრეზიდენტის პატრონაჟით ხორციელდება.

დაჯილდოების ცერემონიას ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე-ჟვანია, ექსპრემიერის ძმა გოგლა ჟვანია და ზურაბ ჟვანიას შვილები ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან განაცხადა, რომ დღეს მისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მისი ახლო მეგობრის წამოწყებას განაგრძობს.

"რასაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ, თუ არ ვცდები, დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო ზურამ, იმ მომენტში, როცა მთელი ჩვენი ყოფა გადართული იყო გაჭირვებაზე, სიდუხჭირეზე. მაშინ ზურამ ძალიან ნათლად განსაზღვრა, რომ მომავალი ჩვენი ქვეყნის არის შემოქმედებაში, მეცნიერებაში, აზროვნებაში, ყოველივე ეს არის ახალგაზრდების გასაკეთებელი და მათი შეთანხმება", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ზურაბ ჟვანიას იმისთვის, რომ მან ეს ნომინაცია დააარსა. "ძალიან ბევრი რამ გააკეთა ზურამ, მათ შორის ეს ნომინაცია", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლეს ნინო ქადაგიძე-ჟვანიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ნინო ქადაგიძე-ჟვანიას გვერდით უდგას.

"ასევე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც დღესაც ქმნიან ჩვენი ერის კულტურას, თვითმყოფადობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემია ორ ეტაპად ჩატარდა. პირველ საკონკურსო ეტაპზე 24 ნომინანტი დასახელდა. დღეს კი 24 ნომინანტიდან 8 გამარჯვებული გამოვლინდა.

პრემია შემდეგ ნომინაციებში გაიცა: მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, სახვითი ხელოვნება, ფოლკლორი, საბუნებისმეტყველო მეცნიერება, თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება.

წინანდლის პრემია ზურაბ ჟვანიას ინიციატივით 1999 წელს დაფუძნდა, წელს კი პრემია ზურაბ ჟვანიას ფონდის ინიციატივით აღდგა. პრემია ენიჭებოდა ახალგაზრდა მეცნიერებსა და შემოქმედებს წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის და ემსახურებოდა მათ წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების წარდგენას საზოგადოებისთვის.