ვერ გეტყვით, მთლიანად დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო

ვერ გეტყვით, მთლიანად დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო

ვერ გეტყვით, მთლიანად დამოუკიდებელია სასამართლო თუ არის გარკვეული ზეგავლენა წინა ან ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მე შემიძლია მოგცეთ გარანტია, რომ იმ ნაბიჯების შედეგად, რომლებიც გადადგმული იყო უზენაესი სასამართლოს მიმართ და გადაიდგმება მომავალში, ლაპარაკი ძველ ხელისუფლებასა და ახალ ხელისუფლებაზე აღარ იქნება. ამ ნაბიჯების შედეგად ლაპარაკი იქნება დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც იქნება გარანტი, რომ სამართალი წარმოებდეს არა პოლიტიკური ნიშნით, არამედ სამართლის უზენაესობის პრინციპიდან გამომდინარე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა მან პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ახლა წარმოებს თუ არა პოლიტიკური ნიშნით საქმეები.

"თქვენ აქ საუბრობდით ამჟამინდელ სასამართლოზე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელზე და არა როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე. მე ვერ გეტყვით, მთლიანად დამოუკიდებელია სასამართლო თუ არის გარკვეული ზეგავლენა, არის გავლენა წინა ხელისუფლების თუ არის გავლენა ამჟამინდელი ხელისუფლების – ამის თქმის უფლება მე ამ ეტაპზე არ მაქვს", - განაცხადა გიორგი მარგვლაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თავდაცვის სამინისტრის მაღალჩინოსნების საქმე არის თუ არა პოლიტიკური დევნის ნაწილი, გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის საქმის დეტალებს არ იცნობს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ თემაზე ცალსახა პასუხს ვერ გასცემს.