საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის საკითხები იყო. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობას.
პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი მართავს შეხვედრებს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრთან, მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ანექსიისადმი დგამს ნაბიჯებს.
„უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია, იმ ნაბიჯებისათვის, რაც უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ, აქ იგულისხმება როგორც ხელისუფლების გადასადგმელი ნაბიჯები, ასევე ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას პოლიტიკურ პარტიებთან და საზოგადოებასთან ერთად", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიესალმებიან პრეზიდენტის ინიციატივას და იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების - "თავისუფლება", "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია", "პატრიოტთა ალიანსი", "ტრადიციონალისტები" და "თავისუფალი საქართველო" წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ასევე გეგმავს შეხვედრებს მმართველი კოალიციის და არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენლებთან.