ტელეკომპანია „მაესტრო“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
„ტელეკომპანია „მაესტროს“ მენეჯმენტი დიდხანს ფიქრობდა, საერთოდ გაეცა თუ არა პასუხი იმ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებაზე, რომელიც ხუთმა არასამთვრობო ორგანიზაციამ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ (TI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) და სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) გუშინ გაავრცელა.
თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ჟურნალისტთა ნაწილი, რომელმაც გადაწყვიტა, არ გააჩეროს მთავარი საინფორმაციო გამოშვება „ცხრიანი“, ბოლომდე მიიყვანოს სატელევიზიო სეზონი და ამით რისკის ქვეშ არ დააყენოს ტელევიზიის შემდგომი ფუნქციონირება, დღეს ძველი თანამშრომლების და საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. ამიტომ „მაესტრო“ თავს ვალდებულად მიიჩნევს, მიმართოს ორგანიზაციებს და გუშინ გავრცელებული განცხადების ავტორებს სთხოვოს შემდეგი:
კონკრეტული მაგალითებით და ფაქტებით გაამყარონ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ფაქტები;
ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ „ფეისბუქ-პოსტებს“, რომლებიც მოგვიანებით, მოვლენების განვითარების კვალდაკვალ მხოლოდ ერთი მხარისთვის სასურველი მიმართულებით გავრცელდა - მით უმეტეს, რომ ამ პოსტების ზოგიერთი ავტორისთვის ტელეკომპანიის ხმაურით დატოვება პირველი შემთხვევა არ არის;
დაასახელონ კონკრეტული გადაცემები თუ სიუჟეტები, სადაც ჩანს პრორუსული ან თუნდაც ბოლოს დროს პოპულარული, სრულიად გაუგებარი - პროქართული განწყობები - განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი „მაესტროში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგაც არაერთხელ ყოფილა ჩვენი გადაცემების სტუმარი და ჩვენ, ბუნებრივია, მხოლოდ გაგვიხარდება მომავალშიც მათი არგუმენტირებული ანალიზის მოსმენა ჩვენს ეთერში;
ხაზი გაუსვან იმ გარემოებას, რომ კოკა ყანდიაშვილს ჯერ არ აქვს გადაცემა „მაესტროზე“ და „ცხრიანიც“ დაუბრკოლებლად გადის ეთერში;
და ბოლოს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ თქვენს ორგანიზაციებს არანაკლები გავლენა აქვს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, ვიდრე - მედიას. შეუძლებელია მიკერძოებული, დაინტერესებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იყოს სრული. წყაროს გადამოწმება არ არის მხოლოდ ჟურნალისტური პრინციპი - ეს პროფესიონალიზმის პრინციპია. ინფორმაციის გადამოწმების წყარო კი ვართ ჩვენ, ჟურნალისტები, რომლებიც ისევე ვასრულებთ ჩვენს მოვალეობებს, როგორც ამას ვასრულებდით ბოლო თვეების თუ წლების განმავლობაში“,- აღნიშნულია „მაესტროს“ განცხადებაში.