კომპანიები ფინანსთა მინისტრის განცხადების საპირისპიროს ამტკიცებენ და აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში გაყიდვების შემცირებასთან ერთად, სამუშაო ადგილების შემცირებაცაა მოსალოდნელი.
საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც კომპანიებმა შეხვედრა, რომელზეც აქციზის გადასახადის 100-დან 50%-მდე შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს კმაყოფილებმა დატოვეს.
"ერთ-ერთ ბოლო შეხვედრაზე, მე მათ ვუთხარი, რომ აქციზის გადახდის წესი არ შეიცვლებოდა, რომ ამოქმედება თავდაპირველად გამოცხადებული თარიღიდან 5 თვით გადაიდებოდა, ხოლო აქციზი არა 100%-ით, არამედ 50%-ით გაიზრდებოდა. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ისინი ამას პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და შეხვედრა კმაყოფილებმა დატოვეს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა აღნიშნა, რომ ზრდა ინდუსტრიასთან მიმართებაში არაპროპორციულია. მისივე თქმით ერთ ჰექტოლიტრზე აქციზის გადასახადი 18 ევროს შეადგენს, ხელისუფლებას კი მისი გაზრდა 36 ევრომდე სურდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის მოთხოვნა, მინიმუმ 8.5 ევროა.
"დღევანდელი 18-ევროიანი ფასიც კი 12 ევროპულ ქვეყანაზე უფრო ძვირია და ეს უნდოდათ 36-მდე აეწიათ. ეს ზრდა არაპროპორციულია ჩვენს ინდუსტრიასთან მიმართებაში. კიდევ ერთი არგუმენტია ის, რომ ჩვენი ინდუსტრია ერთადერთია, რომელიც 97%-ით ეროვნული ინდუსტრიაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე არსებული ლუდის 97% საქართველოშია წარმოებული. ეს არის ინდუსტრია, რომელსაც სტიმულირება სჭირდება და არა გადასახადების გაზრდა. მდგრად სისტემაში მექანიკური ჩარევა ყოველთვის რყევებს იწვევს. ანუ რა მოხდება ამის შემდეგ, ზრდის პირობებში გაიზრდება ფასი და შესაბამისად ბაზარი შემცირდება. მიუხედავად ინფლაციისა ლუდის ინდუსტრიამ მიაღწია იმას, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ფასები არ გაზრდილა, გადაწყვეტილება კი პრაქტიკულად ისე მიიღეს, თითქოს ეს ინდუსტრია საერთოდ არ არსებობდა", - განაცხადა "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
თავის მხრივ კომპანია "ზედაზენის" ფინანსურმა დირექტორმა კი განმარტა, რომ ზრდა პროდუქციის გაძვირებას, პროდუქციის გაძვირება კი გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს.
"ჩვენ ვასაბუთებთ, რომ აქციზის გადასახადის ზრდა არ შეიძლება იმიტომ, რომ დარგს ექმნება რისკი. სამწუხაროდ, ეს ამბავი ფოსტფაქტუმ გავიგეთ. ბიუჯეტში დამატებითი შემოსავალი უნდათ და ალბათ, ესაა არგუმენტი. გადახედონ სხვა ქვეყნის მაგალითებს, იქ რა ხდება აქციზთან დაკავშირებით. ერთ ლიტრზე უკვე არსებული 40 თეთრი არაადეკვატურად მაღალია ისედაც", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
ლუდის მწარმოებელი კომპანია "კასტელის" წარმომადგენელმა კი აცხადებს, რომ 2010 წელს აქციზის გადასახადის გაორმაგება ფაქტობრივად ის მაქსიმუმი იყო, რისი ამოღებაც ამ ბიზნესიდან შეიძლებოდა.
"მათ მოლოდინები აქვთ, რომ აქციზის გადასახადის გაზრდით შემოსავლებს გაზრდიან, რასაც არ ვიზიარებთ და ამის ლოგიკური ახსნაც გვავქვს, რაც შეხვედრაზე წარვუდგინეთ ფინანსთა მინისტრს. აქციზის გადასახადის ზრდით, ჩვენი გათვლებით მოხდება ბაზრის 20-დან 25%-მდე შემცირება, შესაბამისად, მოგვიწევს ფასის გაზრდა, გადასახადის ნაწილს ჩვენს თავზე ავიღებთ, ნაწილი კი მომხმარებელს დააწვება. ლიტრაჟების შემცირებით შემცირდება სამუშაო ადგილები, ჩვენ იმდენ ხალხს აღარ დავასაქმებთ. ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, ჩვენს არგუმენტებს ფინანსთა სამინისტროს ვუხსნით, თუმცა საპირისპირო მხრიდან ძალიან ჩამოყალიბებული არგუმენტები არ მოგვისმენია. სურვილია, რომ შემოსავლები გაიზარდოს, რაც ზოგადად ყველა მოქალაქის სურვილია, რომ ბიუჯეტი და ქვეყანა ძლიერი იყოს. მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ და ის ტოტი არ უნდა მოვჭრათ, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება ნაყოფი მოგვცეს", - განაცხადა გოგა ახალაძემ.