აკაკი ბობოხიძე ბოდიშს უხდის საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ მან ჩართულ მიკროფონში შეიგინა. როგორც ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ეს პასუხი განპირობებული იყო იმით, რომ მას პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა შეაგინა.
"არ ვაპირებ ბოდიში მოვუხადო უმრავლესობის წევრებს, რომელთა მიმართაც იყო გამიზნული ეს შეგინება. ვწუხვარ მხოლოდ იმაზე, რომ ჩართულ მიკროფონში შევიგინე და ეს საზოგადოებამ გაიგო. არ ვაპირებ ვინმეს შეგინება ვაპატიო", - განაცხადა ბობოხიძემ.
პარლამენტში უმცირესობის წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვალს ჩხუბი მოჰყვა. მან არაკორექტული სიტყვები გამოიყენა, რასაც დეპუტატებს შორის ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
ფიზიკურ დაპირისპირებაში თითქმის ყველა დეპუტატი ჩაერთო. მანდატურები ვერ ახერხებენ მათ გაშველებას, რის გამოც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა რამდენიმე წუთით შეწყვიტა.