პრემიერ-მინისტრმა გამგებლებს მუშაობის ტემპი დაუწუნა და ხალხთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. პრემიერმა თვითმმართველობის რეფორმის შედეგებზე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მანამდე მერებს და გამგებლებს ნიშნავდნენ და მათ დამოუკიდებლად არანაირი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ ჰქონდათ. დღეს ეს საშუალება მივეცით მათ. ბევრი რამის ერთდროულად გაკეთება მოუწიათ გამგებლებს და რწმუნებულებს, რისი გამოცდილებაც მათ მანამდე არ ჰქონდათ. ისინი სასწაულებს ვერ მოახდენენ, ვერც მე მოვახდენ, ადამიანები ვართ და გვაქვს ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები, რესურსები. პირველ რიგში, მათ გაიარეს ადაპტაცია. მე ვფიქრობ, 2-3 თვე კიდევ დასჭირდებათ, რომ გაერკვნენ ადგილზე არსებულ ვითარებაში. რაც მე მომდის ხშირად ინფორმაციები გუბერნატორებიდან, სხვადასხვა სამსახურებიდან, გამგებლები გადაწყვეტილებებს ოპერატიულად, დროულად ხშირად ვერ ღებულობენ. მათ უნდა განმარტონ, რატომ ვერ ღებულობენ გადაწყვეტილებებს, აჭიანურებენ გადაწყვეტილებებს და ეს გამოიწვევს ხალხის განაწყენებას. თუ ამის ობიექტური მიზეზები აქვთ, განმარტონ, თავად გამოვიდნენ. თხოვნით მივმართავ, მეტი კომუნიკაცია იქონიონ მოსახლეობასთან. სამტრედიაში ვიყავი, სადაც მნიშვნელოვანი საწარმო გავხსენით. ამ საწარმოს ჰოლანდიელი თანაინვესტორი მეუბნება, რომ ორი თვის განმავლობაში ვერ აიღო ნებართვა, ფარატინა ქაღალდი ბიუროკრატიული თუ სხვა მიზეზების გამო. პრემიერ-მინისტრი ყველგან ვერ ჩაერევა. თუ რამე ფუჭდება მე მაბრალებენ, თუ რამე კეთდება, თვითონ იბრალებენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ გამგებლები, მართალია, არჩეულები არიან, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პირველ რიგში ანგარიშვალდებულნი არიან ხალხის წინაშე და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვთ "ქართული ოცნების" წინაშე.
შესაბამისად, პრემიერმა, როგორც კოალიციის ლიდერმა, "გამოსაფხიზლებელი მოწოდება" გააკეთა გამგებლების მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ რეგიონებში პროექტები დროულად განხორციელდება.
"ორ-სამ რაიონში კიდევ ნეგატიური ინფორმაციები გავიგე, მაგრამ არ მინდა, რომ რომელიმე გამგებელმა დაუშვას შეცდომა, იმიტომ რომ ყველა პასუხს აგებს კანონის წინაშე. არავინ არ არის პრივილეგირებული. ჩვენ ყველანი, ჩემგან დაწყებული ვართ პასუხისმგებელნი", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.