სააკაშვილის ერთადერთი საზრუნავია, საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან

სააკაშვილის ერთადერთი საზრუნავია, საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პროვოკაციული" უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ტელეკომპანია "ტაბულას" პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა - პასუხისმგებლიანი ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, არის ურთულესი ვითარება რეგიონში, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს – მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეირაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. მთელი ფილოსოფია იმაში კი არ არის, ვინ უფრო გაბედულად იტყვის, რომ მტერია თუ არა, შეაგინებს თუ არა. საქმე იმაშია, რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და უნდა გავაკეთო განცხადება, რომელიც იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, ხალხისათვის და არა ის, რაც ქვეყანას დააზიანებს. ამ განცხადებით გინდათ გასიამოვნოთ თქვენ და "ნაციონალური მოძრაობის" 20-კაციანი სექტა. მე ამას არ დავუშვებ, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს ხალხის და ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.