ჩვენ ტელევიზიებს რეალურად უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან ხშირ შემთხვევაში, სიცრუის ტირჟირებას ახდენს უმრავლესობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ტელევიზიების უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში დეზინფორმაციას ავრცელებს.
"მოსახლეობას აქვს განცდა, რომ რაღაც არ კეთდება. ეს ფსიქოლოგიური მომენტია, რადგან როცა ადამიანს ერთსა და იმავეს უმეორებ 24 საათის განმავლობაში, როგორც მინიმუმ მას ეჭვი აღეძრება და ეჭვის თვალით შეხედავს ყველაფერს. ჩვენ ტელევიზიებს რეალურად უნდა დავარქვათ სააკაშვილი, რადგან სიცრუის ტირჟირებას ახდენს უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა სიცრუეს სიმართლით უნდა დაუპირისპირდეს.
"ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე. ჩვენი მთავარი საყრდენი უნდა იყოს სიმართლე. ჩვენ თუ ვართ და ვიქნებით მართლები, ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც საჭიროა. ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დალაგდება. ამას ვეუბნები მინისტრებსაც", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.