ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი მტრულ, მოღალატეობრივ საუბრებს

ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი მტრულ, მოღალატეობრივ საუბრებს

განცხადება თავად თავდაცვის სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ თუ მინისტრის ან პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთდებოდა, უჩვეულო არაფერი იქნებოდა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე კითხვას, რომელიც უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს გაავრცელა. 

როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანაგუნდელების მხრიდან ადგილი აქვს ჯარისკაცებისადმი პირდაპირი მოწოდებებს, "მტრულ, მოღალატეობრივ საუბრებს", რომ დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და მონაწილეობა მიიღონ უკრაინის საომარ მოქმედებებში. 

ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქართული სახელწიფო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებისგან გამიჯნულია და უკრაინისადმი დახმარება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. 

"არავითარ სამხედრო დახმარებაზე საუბარი არ არის და, რა თქმა უნდა, ვართ გამიჯნული. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, მიდიოდა პირადი მოლაპარაკებები, რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, რადგან იქ მაღალი ანაზღაურება იქნებათ, ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისაკენ. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ამას ჰქონდა ადგილი. თავდაცვის სამინისტროს განცხადება თქვენ ყველას ძალიან გაგიკვირდათ და მე ვთქვი, რომ აღნიშნული განცხადება სამინისტროს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ პოლიტიკოსი თუ გააკეთებდა განცხადებას, იქ არაფერი უჩვეულო არ ეწერა", - განაცხადა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა.