ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იყო ხარვეზები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რისი გაკეთება ვერ შეძლო მთავრობამ წლის განმავლობაში საგარეო მიმართულებით.
ღარიბაშვილის განმარტებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ისევ ხდება უცხოეთში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების მხრიდან დეზინფორმაციის ტირაჟირება.
"ვფიქრობ, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იყო ხარვეზები. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო და ალბათ მარგებელიცაა, რომ შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი, თუმცა საერთო ჯამში, საგარეო პოლიტიკა წარმატებული იყო იქედან გამომდინარე, რომ მოვახერხეთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. რა თქმა უნდა, ეს საგარეო უწყების დამსახურებაც არის და მე ამას არავის არ ვუკარგავ, მაგრამ პირველ რიგში, ესაა მთავრობის კოორდინირებული და არა კონკრეტული მინისტრის მუშაობის შედეგი. მე ვიცი, რომ ბევრ ქვეყანაში არის ჩავარდნა, ამას სჭირდება შევსება, ამოწევა - ის რომ ჯერ კიდევ ახერხებენ დეზინფორმაციის გავრცელებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩემთვის ჯერ კიდევ არის გამოწვევა. ეს არის ის, რაც ვერ მოვასწარით. მაგრამ ამას გამოვასწორებთ. იგივე უკრაინაშიც, შეიძლება ვაღიაროთ, რომ მეტი აქტიურობა იყო საჭირო. ვერ ვიტყვი, რომ აქტიურობა არ იყო, მაგრამ, ალბათ, უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია და ჩვენ ამას გამოვასწორებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.