საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ღიად ამბობს, რა შეცდომა მოსდის მთავრობას და წარმატებებზეც ღიად საუბრობს. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას, რა ნაბიჯი ჩაუთვლია ბიძინა ივანიშვილს წარმატებულად და წარუმატებლად.
"ბიძინა ივანიშვილი ღიად საუბრობს და დაფარული არაფერი არ გვაქვს. არც ის დამიმალავს, რომ მე თუ საჭიროდ ვთვლი და მჭირდება დახმარება, ან რჩევა, ვეკითხები. არც უნდა მოგვერიდოს ზოგადად რჩევა და კითხვა, ეს არ არის უხერხული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, როდის ჰქონდა კომუნიკაცია ბოლოს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბოლოს ის პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ ესაუბრა.
"პრეზიდენტს ვესაუბრე უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე. სხვათა შორის, ჩემი ინიციატივით. საქმე ეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. მას შემდეგ აღარ მისაუბრია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.