საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბევრი სამინისტროს ბიუჯეტი შეიძლება თავის დროზე დაიგეგმა გადაჭარბებით და ფაქტობრივი შესრულება გამოვიდა, ზოგმა შეიძლება ეკონომიები გააკეთა, თუმცა ამის გამო მინისტრები არ უნდა დავსაჯოთ. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით ღარიბაშვილი კითხვას გამოეხმაურა, ხარჯვით ნაწილში მეორე წელია ბიუჯეტი ირღვევა, რატომ ვერ ხერხდება კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ეფექტიანი ათვისება და დადგება თუ არა მთავრობის ეკონომიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხი.
"მე არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ტენდერები ჩავარდა, რაღაც გადაიდო, რაღაც გაიწელა, ეს ყველა ქვეყანაში ხდება. ჩვენ ბიუჯეტის კორექტირებას არ ვახდენთ, არ გაგვიკეთებია არც გასულ წელს და არც წელს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.
კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა არასწორი დაგეგმვა, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამას არასწორდ დაგეგმვას არ დაარქმევდა, იმიტომ, რომ წინასწარ ყველაფერის დაგეგმვა არის საკმაოდ რთული.
"ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული ყველაფერი, იგივე ტენდერებზე, ასევე, არ არის კომპანიები განვითარებული საქართველოში. ჩვენ არ ვახდენთ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე ტენდერების მიცემას, როგორც ხდებოდა წინა წლებში, როცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების, მერაბიშვილის, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის კომპანიები იღებდნენ ამ კონტრაქტებს.
ჩვენ ეს მანკიერი პრაქტიკა დავასრულეთ და ახლა ვგეგმავთ კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ ტენდერების პროცესი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ რაიმე პრობლემაა, ამაზე რეაგირება არ მოერიდებათ.
რაც შეეხება კითხვას, ვინ უნდა დაფაროს კომპენსაციები სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს არ აპირებს ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს.
"ჩვენ მაქსიმუმ თებერვლამდე წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას საზოგადოებას. იქ ყველა ყველაფერს გაიგებს", -განაცხადა ღარიბაშვილმა.