ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას ხშირად გაუაზრებელი ამბიციები აქვს

ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობას ხშირად გაუაზრებელი ამბიციები აქვს

ჩვენ ვაპირებთ, რომ კოალიცია შევინარჩუნოთ არჩევნებამდე და არ არის გამორიცხული, ის ამ ფორმით წარდგეს საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია კოალიციის დაშლა, პრემიერის თქმით, ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია.

"ერთი წლის წინ განსხვავებით დღევანდელობისგან, არ არსებობდა საფუძველი ვინმეს განეცხადებინა, რომ კოალიცია დაიშლებოდა, ან არ დაიშლებოდა. ერთი წლის შემდეგ კი განვითარდა მოვლენები ისე, როგორც განვითარდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთი სუბიექტი გავიდა კოალიციიდან და იცით მიზეზები ეს რატომაც მოხდა. ასე, რომ იმის წინასწარ პროგნოზირება, თავდაცვის სამინისტროში რა დარღვევა მოხდებოდა და ეს რას განაპირობებდა, რთული იყო. ჩვენ არ ვართ წინასწარმეტყველები და მკითხავები. ჩვენ ვართ პოლიტიკოსები. ასე, რომ წინასწარ ამის განჭვრეტა წარმოუდგენელია. არც ერთ ქვეყანაში და არც ერთ კოალიციაში არ ხდება ეს. კოალიციები იშლება. სუბიექტები გადიან, ახალი სუბიექტები შედიან, - ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის ყველგან განახლებადი პროცესი. ეს პოლიტიკაა – ყოველ დღე რაღაც იცვლება. ადამიანებთან გვაქვს საქმე, ადამიანები კი არიან მერყევები, ცვალებადი. მე ამაში ვერ ვხედავ რაიმე უცნაურობას. პირიქით, ესაა ჯანსაღი პროცესი და დემოკრატიის მაჩვენებელი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ისურვებდა, რომ ზოგიერთი ძალა კრიტიკულ განცხადებას მას შემდეგ აკეთებდეს, რაც საუბარი კოალიციის შიგნით გაიმართებოდა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ეს დროსთან ერთად დაიხვეწება.

"რა თქმა უნდა, მე არ ვისურვებდი, რომ ღიად ხდებოდეს კრიტიკა. მე ვისურვებდი, რომ საკითხების განხილვა შიგნით ხდებოდეს და თუ ვერ შევთანხმდებით შიგნით, მერე ხდებოდეს ამის საზოგადოებასთან გამოტანა, მაგრამ მე მგონია, რომ ამასაც დრო სჭირდება, დაიხვეწება ყველაფერი. კოალიციის მართვა არ არის ერთი პარტიის მართვა. კოალიციური მთავრობა საკმაოდ რთულია. ჩვენ არ გვქონდა ამის გამოცდილება, ჩვენ გვქონდა დიქტატორული რეჟიმი წლების განმავალობაში", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ის ქმნის ყველანაირ პირობას, რომ კოალიციაში ჯანსაღი გარემო იყოს.

"კოალიცია დაიშლება-არ დაიშლება, ამას დრო გვაჩვენებს. ჩვენ ვქმნით ყველანაირ პირობას, რომ კოალიციაში იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი გარემო. ჩვენ შიგნით გვაქვს სრული დემოკრატია. ყველა სუბიექტს აქვს უფლება გამოთქვას აზრი, გვაქვს დებატები და პოლემიკა. რა თქმა უნდა, რიგ საკითხზე ვთანხმდებით, რიგ საკითხზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ეს არის ნორმალური და დემოკრატიის მაჩვენებელი. ეს არის ის, რასაც დავპირდით ხალხს, რომ იქნებოდა დემოკრატიული გარემო და ეს ვუზრუნველყავით. ჩვენ ვაპირებთ, რომ კოალიცია შევინარჩუნოთ არჩევნებამდე და არ არის გამორიცხული, კოალიცია ამ ფორმით წარდგეს საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ სუბიექტის გასვლა არ ნიშნავს კოალიციის დაშლას. გამორიცხვით, ზოგადად არაფერს გამოვრიცხავ, რადგან პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს – ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა არიან ამბიციურები, მათ ხშირად გაუაზრებელი ამბიციები აქვთ და მოქმედებდნენ არა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებით. ისინი ამ დროს უშვებენ ყველაზე დიდ შეცდომას. ეს არის პოლიტიკოსის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შემდგომ განაპირობებს ამ პოლიტიკოსის და პარტიის საბოლოო კრახს, რადგან ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხედავს", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.