თავდაცვის სამინისტროს განცხადება ჩემთან შეთანხმებული რომ ყოფილიყო, ამას ჩემს თავზე ავიღებდი

თავდაცვის სამინისტროს განცხადება ჩემთან შეთანხმებული რომ ყოფილიყო, ამას ჩემს თავზე ავიღებდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება მასთან შეთანხმებული არ იყო. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ეს რომ ყოფილიყო შეთანხმებული, მე მგონი არ გახსენდებათ არც ერთს მაგალითი, მე გამოვსულიყავი და უსამართლოდ ვინმესთვის რამე გადამებრალებინა. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელია. თუ ეს განცხადება იქნებოდა შეთანხმებული ჩემთან, გამოვიდოდი და ჩემს თავზე ავიღებდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მინისტრები ხშირად აკეთებენ განცხადებებს და მას არ აქვს იმის დრო, რომ სამინისტროს ყველა განცხადება მასთან შეთანხმდეს.

"მინისტრები იმიტომ არიან მინისტრები, რომ ისინი მართავენ სამინისტროებს. თუ რაიმე მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, სტრატეგიული არის, ამ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმდეს. სამინისტროებს აქვთ დელეგირება და ისინი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებენ. ერთ მაგალითს ვერ დამისახელებთ, რომ ვინმესთვის რაიმე გადამებრალებინოს. ეს არ არის ჩემი სტილი, მე ასე არ მიცხოვრია", - განაცხადა პრემიერმა.