რთულია იმის თქმა, სად ვხედავ ჩემს თავს 20 წლის განმავლობაში

რთულია იმის თქმა, სად ვხედავ ჩემს თავს 20 წლის განმავლობაში

მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოზიციას, რომ საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას "ძალიან დიდი დრო სჭირდება".

როგორც ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილის "პროექტ 2030"-თან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსის" შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ის საზოგადოების გარდაქმისა და განვითარების ვადების შესახებ მისი წინამორბედის შეხედულებას ეთანხმება.

"მე ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ბევრს მუშაობს. მინდა საზოგადოებას შევახსენო მისი ნათქვამი, რომელიც პოლიტიკიდან წასვლის წინ გააკეთა, რომ ის არა თუ მიდის სადმე, არამედ მოდის და მოდის ყველაზე რთულ სფეროში, რაც არის სამოქალაქო საზოგადოება. ამას სჭირდება დიდი მუშაობა და ვიცი, რომ ბატონი ბიძინა ბევრს მუშაობს. შექმნილია არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოება 2030 და მინდა გითხრათ, რომ ერთ დღეში და ორ დღეში, თუნდაც ერთ წელიწადში და ორ წელიწადში ვერ მოხერხდება ქვეყნის გარდაქმნა, საზოგადოების გარდაქმნა და განვითარება, ქვეყნის ევროპეიზაცია და თანამედროვე ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და მე ვიზიარებ ბატონი ბიძინას ამ შეხედულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თავად სად ხედავს თავს ამ პროექტის კონტექსტში, პრემიერის თქმით, ძალიან რთულია 20 წლის წინასწარ განსაზღვრა.

"ძალიან რთულია იმის თქმა, სად ვხედავ თავს 20 წლის განმავლობაში. ამას დრო გვაჩვენებს. მე არჩევნების დროსაც არ მიფიქრია სად ვიქნებოდი – არც მაშინ დამინახავს ჩემი თავი, არც არჩევნების შემდეგ მინისტრი რომ ვიყავი, მაგრამ განვითარდა მოვლენები ისე, რომ დღეს მე ვარ მთავრობის მეთაური. ხვალ და ზეგ რა იქნება, როგორ იქნება, ეს არის დამოკიდებული ჩვენს საქმიანობაზე, რამდენად ეფექტურები ვიქნებით, რამდენად ღირსეულად შევასრულებთ ჩვენს დაპირებებს და ვალდებულებებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის წინაშე. ამას გვაჩვენებს დრო", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.