"არ არის გამორიცხული, კოალიცია ამ ფორმით წარდგეს საპარლამენტო არჩევნებზე"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ კოალიცია არჩევნებამდე შეინარჩუნოს.

ამის შესახებ პრემიერმა "ექსპოჯორჯიაში" შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ, რომ კოალიაცია შევინარჩუნოთ არჩევნებამდე და არ არის გამორიცხული, რომ კოალიცია ამ ფორმით წარდგეს საპარლამენტო არჩევნებზე. მინდა გითხრათ, რომ სუბიექტის გასვლა კოალიციის დაშლას არ ნიშნავს, სუბიექტი შეიძლება გავიდეს და შემოვიდეს. ეს არის პროცესი. ერთი წლის წინ არ არსებობდა საფუძველი რაიმე გვეთქვა, დღეს არის ასეთი ვითარება, დანარჩენს დრო გვაჩვენებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება კოალიციიდან სუბიექტების კიდევ გასვლის შესაძლებლობას, პრემიერის თქმით, პოლიტიკაში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსის ყველაზე დიდი შეცდომა, როდესაც პარტიულ ინტერესს აყენებენ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, რაც განაპირობებს, ამ პოლიტიკოსის საბოლოო კრახს.

"ჩვენ ვართ გუნდი, ხდება კამათი, ჩვენ გვაქვს დემოკრატია. ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მოდელი. 6 სუბიექტი იყო, რთული მოცემულობა იყო, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ კოალიციური რეჟიმში სამ არჩევნებში გავიმარჯვეთ და მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა "ქართულ ოცნებას", მეგობარი მეკითხებოდა, როგორ მოხდა ეს, მოსახლეობას კითხეთ, ალბათ, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ჩვენი სწორი მუშაობით, ჩვენ ვართ უალტერნატივო პოლიტიკური ძალა. ჩვენ დავპირდით ხალხს დემოკრატიას, ეს არის დემოკრატია",- განაცხადა ღარიბაშვილმა.