ირაკლი ღარიბაშვილი – სანამ

ირაკლი ღარიბაშვილი – სანამ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოუხდის ბოდიშს ხალხს და საზოგადოებას, მე მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად

არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ოპონირებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 

ჟურნალისტი დაინტერესდა მთავრობის თავმჯდომარის მოსაზრებით იმასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ უთმობენ ხელისუფლების წარმომადგენლები დიდ დროს პოლიტიკურ ძალებთან ოპონირებას და რამდენად გამართლებულად მიაჩნია ორი წლის განმავლობაში მუდმივად გასულ 9 წელზე აპელირება. 

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, უშუალოდ "ნაციონალურ მოძრაობას" ოპონენტად არ აღიქვამს და ასე იქნება იქამდე, ვიდრე პარტიის ყველა წევრი საზოგადოებას ბოდიშს არ მოუხდის.
"მე არ აღვიქვამ და არ მივიჩნევ ოპონენტებად "ნაციონალურ მოძრაობას". სანამ ეს ადამიანები არ მოუხდიან ბოდიშს ჩვენ ხალხს და საზოგადოებას, მე მათ არ ჩავთვლი ოპონენტებად. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ჩამოყალიბდა სექტად და  მათი თითოეული ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს არეულობის ფონის შექმნა საქართველოში. ამისთვის მათ აქვთ ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიცაა ტელევიზია. რაც შეეხება იმას, რამდენად სწორად იქცევიან ხელისუფლების წარმომადგენლები როცა ოპონირებას უწევენ ასეთ უპასუხისმგებლო ძალას, შეიძლება, მე არ გამოვრციხავ, რომ ისინი საჭიროზე მეტ დროს უთმობდნენ მათთან ოპონირებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებს ტენდენციურობა შენიშნა. 
"გამოიკვეთა ძალიან ცუდი სურათი. ტენდენციურობა დავინახე ყველა პოლიტიკოსის განცხადებაში, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ოპოზიცია. მე მგონია აღარ ღირს საუბარი, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სურვილი არ არის, ქვეყანაში ყველაფერი განვითარდეს კარგად, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარი და შეურაცხმყოფელიც კი იყო ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოიწვია თავდაცვის უწყების განცხადებამ", - აღნიშნა პრემიერმა.