ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკოსები დღესაც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულებაა

ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიტიკოსები დღესაც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულებაა

პოლიტიკოსები დღესაც ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც უპასუხისმგებლო და ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში წინა ხელისუფლება მოსახლეობას ძალიან დიდ ტყუილში ამყოფებდა და ეს მანკიერი პრაქტიკა 2 წლის წინ დასრულდა. 

"ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიმყოფებით ძალიან დიდ ტყუილში და ვირტუალურ სამყაროში. ის განცდა, რაც გაუჩინეს მოსახლეობას წინა ხელისუფლებამ, ეს იყო დიდი დანაშაული ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ჩვენი ქვეყნის წინაშე. სამწუხაროა, რომ დღესაც ცდილობენ აქტიურად პოლიტიკოსები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ეს არის უპასუხისმგებლო და ანტიეროვნული პოლიტიკის გამოხატულება და ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც დავასრულეთ ქვეყანაში 2 წლის წინ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა სფერო სწორი მიმართულებით წაიყვანა. 

"განხორციელებული რეფორმების ნაწილი უკვე დადებითად აისახა ჩვენს თანამოქალაქეებზე, ნაწილი კი თავისი თავისებურებიდან გამომდინარე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი და ამ შედეგებს უკვე უახლოეს მომავალში ველით. რეფორმათა წარმატებას განსაზღვრავს დასახული გეგმების სწორი მიმართულება. ამ გადასახედიდან ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჩვენ ყველა სფერო სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ. მთავრობას, მთელ გუნდს, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს იყო ის აუცილებელი რაც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩვენ დაპირებებს ვასრულებთ და შევასრულეთ. გრძელდება ეს პროცესი. წინ ძალიან დიდი სამუშაო გვაქვს. კიდევ რამდენი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ძალიან კარგად ვიცი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.