ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე

ირაკლი ღარიბაშვილი - განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სხვა სფეროებთან ერთად, არც განათლების სფერო დარჩენილა მთავრობის ყურადღების მიღმა. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ სფეროში ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ მასწავლებლებს ჰქონდეთ შესაბამისი ანაზღურება. 
"ჩვენ როდესაც მოვედით ხელისუფლებაში ორი წლის წინ, მაშინ გავზარდეთ ხელფასები. თუმცა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს საკმარისი არ არის და მათი ხელფასი კიდევ უნდა გაიზარდოს ამიტომ, მომავალ წელს და იმის შემდეგომ წელსაც, დაგეგმილია მასწავლებელთა საბაზო ხელფასის 70 პროცენტით, ეტაპობრივად გაზრდა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან პროფესიული განათლების განვითარების კუთხით. იცით, რომ პრეფესიული განათლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან თუ არ განვითარდა თანამედროვე მუშახელი, სპეციალისტები, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ კონკურენცია გავუწიოთ თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს შემუშავებული სტრატეგია 2020 წლამდე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მაქსიმალურად უწყობენ ხელს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას და ამ კუთხით თანამშრომლობენ გერმანიასთან, სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც უნიკალური გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. 

"განათლების სისტემის განვითარება არ არის ერთი და ორი წლის საქმე. ამიტომ, ჩვენ ახლავე ვამზადებთ მყარ საფუძველს, რათა სულ რამდენიმე წელიწადში გვყავდეს თანამედროვე, ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.