საყდრისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის დაკომპლექტებაზე პარლამენტი, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა კომისიის შექმნასთან დაკავშირებით "თავისუფალი დემოკრატების" ინციატივას. დეპუტატებმა "თავისუფალი დემოკრატების" მოსაზრება 58 ხმით 14 წინააღმდეგ გაითვალისწინეს.
საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმა მისცეს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების" წევრებმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის, ფრაქცია "ეროვნული ფორუმის" წევრებმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების" რამდენიმე დეპუტატმა.
"თავისუფალი დემოკრატები" საყდრისზე არსებული მდგომარეობის შესწავლას და იქ მიმდინარე სამუშაოების დროულად შეჩერებას ითხოვენ. როგორც "თავისუფალი დემოკრატების" წევრები აცხადებდნენ, პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიმდინარე სამუშაოების კანონიერება უნდა შეისწავლოს.