კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ ტერმინ

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ ტერმინ "სტერილურის" გამოყენება თავად დარგის სპეციალისტებმა პირველად გაიგეს

ძალიან კარგად მესმის, რა არის დასაქმება, რა არის ბიზნესი, მაგრამ ბიზნესი და დასაქმება ძალადობისა და ნგრევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ გააკეთა.

მისი თქმით, საყდრისის საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნით პარლამენტს აქვს შანსი იმისა, დაფიქსირდეს როგორც დამოუკიდებლი ინსტიტუტი, ხოლო უმრავლესობას გააჩნია შანსი, დაფიქსირდეს, რომ მხოლოდ მთავრობის დავალების შემსრულებლები არ არიან.

"პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ, რომ საყდრისი სტერილური კულტურული ძეგლია. რას ნიშნავს ტერმინი "სტერილური", ამაში ყველა ვერკვევით, მაგრამ დავინტერესდი მისი ნათქვამის მნიშვნელობით ძეგლთან მიმართებაში – შესაძლებელია თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმართ აღნიშნული სიტყვის გამოყენება. ეს დარგის სპეციალისტებმაც კი პირველად გაიგეს. ასე რომ, გარკვეულ ნოვაციებთან გვაქვს საქმე, რაც ძალიან სამწუხაროა", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.