ცუდია, რომ

ცუდია, რომ "კონსერვატორების" მიერ ტრადიციების დაცვა მხოლოდ ჩოხა-ახალუხზე დავიდა

ცუდია, რომ "კონსერვატორების" მიერ ტრადიციების დაცვა მხოლოდ ჩოხა-ახალუხზე დავიდა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა, რომელმაც ერთგვარი გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ არ აქტიურობენ საყდრისი-ყაჩაღიანის თემაზე ზვიად ძიძიგური და გუბაზ სანიკიძე.

"გავიგეთ უმრავლესობაში შემავალი ორი ფრაქციის "ქართული ოცნების" და ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" პოზიცია. უმრავლესობის დანარჩენი ფრაქციების პოზიცია რატომღაც არ მოგვისმენია. საყდრისი-ყაჩაღიანზე არაფერს ამბობენ და არც ის უცდიათ, ბიძინა ივანიშვილს გადაფარვოდნენ. ძალიან მწყდება გული ჩემს მეგობრებზე, ზვიად ძიძიგურზე და გუბაზ სანიკიძეზე. ცუდია, რომ "კონსერვატორების" მიერ ტრადიციების დაცვა მხოლოდ ჩოხა-ახალუხზე დავიდა. ეს ძალიან მნიშველოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ძეგლებიც აქვს საქართველოს", - განაცხადა ბობოხიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

მან აქვე აღნიშნა, რომ თავის დროზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ვანდალურად აღადგინა" და განაახლა საქართველოს ისტორიული ქალაქები და ძეგლები, მაგრამ ვანდალურად არ აფეთქებდნენ.

"ნაციონალური მოძრაობა" საყდრისზე განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისის შექმნის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" წინადადებას მხარს უჭერს. მათი მტკიცებით, "ასეთი კომისიის შექმნის შემთხვევაში კვალი ბიძინა ივანიშვილამდე და მის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილამდე მივა".