ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები" საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოს თემაზე დროებითი საპარლამენტო საგამოძოებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს.
შესაბამისი განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა გააკეთა. დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ თუ დღევანდელ კენჭისყრაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი "ჩავარდება", შეიქმნას პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ ბოლო ათი წლის განმავლობაში სახელმწიფოს დამოკიდებულებას შეისწავლის და გაარკვევს, რა შეცდომებია დაშვებული ამ მიმართულებით როგორც არსებული, ისე წინა ხელისუფლების პირობებში.
"საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კვალიფიციური "რესპუბლიკელი" მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ საყდრისის თემაზე. ერთ-ერთი უფრო ჩახედული ამ საქმეში, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გოდერძი ნარიმანიშვილი ჩვენი პარტიის წევრია. სხვებიც არიან პარტიის წევრები, რომელთაგანაც გვაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდება იქ. ჩვენ ვენდობით ჩვენს კვალიფიციურ სპეციალისტებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
მისივე თქმით, თავად კომპანია "RMG"-ც არ აყენებს ეჭვქვეშ, რომ საქმე ნამდვილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლეს ეხება და მუზეუმის შექმნის წინადადებით გამოდის.