საყდრისის საბადოს უნებართვოდ აფეთქებას ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს

საყდრისის საბადოს უნებართვოდ აფეთქებას ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს

საყდრისის საბადოს აფეთქება აბსოლუტურად უნებართვოდ განხორციელდა, რასაც ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ადასტურებს, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც სათანადო მასალებიც წარადგინა.

მისივე მონაცემებით, მეწარმეს აღნიშნულ მონაკვეთზე სამთო მოპოვებითი სამუშაოების წარმოების ლიცენზიის ვადა 2015 წლის 1-ელი იანვრისთვის ეწურებოდა.

ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება, რის გამოც პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის შექმნის წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს.

"ძალიან არ მოგვწონდა, როცა აქ, ამ ადგილზე წინა ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ობელისკი ააფეთქა. არ მოგვწონდა ბაგრატის ტაძარში წარმოებული სამუშაოები და კიდევ ბევრი რამ. არ მინდა სხვა შორს მიმავალი პარალელები გავავლო. გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია და გთხოვთ საგამოძოებო კომისიის შექმნის საკითხს მხარი დაუჭიროთ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" მიერ მომზადებულ წინადადებას იხილავს, რომელიც საყდრისზე განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისის შექმნას ითვალისწინებს.