ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ისეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია

ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ისეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია

ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ისეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მან პატრიარქს, მთავრობისა და მხედრობის სახელით, აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე მიულოცა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ილია მეორე გვაძლევს კაცთმოყვარეობის, მიტევების, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მაგალითს.

"მინდა, მთელი გულით და სულით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილე. ეს დღე ჩვენთვის არის ძალიან ძვირფასი. ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ყოველთვის ასოცირდებით ჩვენი ხალხის იმედთან და ნუგეშთან. თქვენ ყოველთვის დგახართ და იდგებით ქართველი ერის გვერდით. ჩვენ ვართ ბედნიერი ერი, რომ გვყავს ასეთი წინამძღვარი, როგორიც პატრიარქია. მე მახარებს, რომ თქვენ ყველას გვაძლევთ კაცთმოყვარეობის, მიტევების, სიყვარულისა და პატრიოტიზმის მაგალითს. მთავრობის და მხედრობის სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გისურვებთ მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს. მჯერა, თქვენთან ერთად, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გამთლიანდება", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა პატრიარქს.

მთავრობის მეთაურის თქმით, "ჩვენი ერი აუცილებლად მიხვდება თუ რაოდენ დიდია უწმინდესის ღვაწლი ქრისტიანობის განმტკიცების საქმეში".