"ცხინვალის სახლი" - ერგნეთში ბაზრობა კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების დასახმარებლად კეთდება

კონფედერაცია "ცხინვალის სახლის" თავმჯდომარე, მარინა მეშვილდიშვილის ინფორმაციით, ერგნეთში ერთდღიანი ბაზრობა კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების დასახმარებლად კეთდება და ოსი მოსახლეობისთვის განკუთვნილი არ არის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მარინა მეშვილდიშვილმა განუცხადა, ე.წ. "იარმარკა" მისი ორგანიზაციის ინიციატივით და ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.

"ერგნეთის ბაზრობა, ადრინდელი სახით, არ ტარდება. ეს არის ე.წ. "იარმარკა", რომელსაც კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების დასახმარებლად ვაკეთებთ და ნამდვილად არ არის გამიზნული ოსი მოსახლეობისთვის. ჩვენი ამოცანაა, დავეხმაროთ სოფლის მოსახლეობას, მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზება. ამისთვის, ერგნეთში სტუმრები გორიდან და თბილისიდან ჩამოვლენ. ეს არის აბსოლუტურად არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივა და მხარდაჭერილია ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის. ხელისუფლება მხოლოდ მართლწესრიგის დაცვაში გვეხმარება, ვინაიდან მივმართეთ მათ, რომ ერგნეთში ვატარეთ ღონისძიებას და გვესაჭიროება მართლწესრიგის დაცვა", - განაცხადა მეშვილდიშვილმა.

ერთდღიანო ბაზრობა ერგნეთში 28 დეკემბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება.