თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს.
როგორც ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, დაცვის მხარემ მტკიცებულებების შეკრების ფარგლებში, შსს-დან გამოითხოვა დოკუმენტი, თუმცა სამინისტრომ კანონით გათვალისწინებული ვადები დაარღვია, რის გამოც დაცვის მხარემ დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა.
კერძოდ, ადვოკატის განმარტებით, შუამდგომლობა შეიტანა სასამართლოში, სადაც მოთხოვნილი იყო, რომ სასამართლოს დაევალებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადვოკატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის გადაცემა. თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის თანაშემწისგან მიიღო პასუხი, რომ "სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცეს ამ შინაარსის განჩინება".
ლევან სამუშიას განცხადებით, მოსამართლემ პასუხისმგებლობა აირიდა და მისმა თანაშემწემ, რომელიც არ წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე პირს, განიხილა შუამდგომლობა და ადვოკატს გასცა პასუხი.
"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ შუამდგომლობა უნდა განიხილოს მხოლოდ მოსამართლემ და პასუხიც უნდა გასცეს მოსამართლემ. ეს იგივეა, სასამართლოს მანდატურმა რომ უპასუხოს შუამდგომლობას", - აღნიშნა სამუშიამ.
ადვოკატი აცხადებს, რომ იგივე შუამდგომლობით, საქალაქო სასამართლოს დღეს, კიდევ ერთხელ მიმართავს.
რაც შეეხება შსს-დან გამოთხოვილ ინფორმაციას, ადვოკატი ითხოვს, რომ სამინისტრომ წარუდგინოს აქვს თუ არა შსს-ს "დელტაკომთან", ან სხვა კომპანიასთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურების შესახებ საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული და რა თანხას იხდის ამისთვის 2014 წლის იანვრიდან დღემდე.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელსაც შსს გვიმალავს და არ გვაძლევს. სავარაუდოდ, საუბარია ძალიან დიდ თანხებზე და ამიტომ მალავენ ინფორმაციას და თუ ასეა, ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების ბრალდების საქმეს დაანგრევს, რადგან ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების წინააღმდეგ საქმე, "დელტაკომის" განცხადების საფუძველზეა აღძრული. ამ კომპანიას კი, სავარაუდოდ შსს-სთან ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით მომსახურეობის საიჯარო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რასაც ამ დრომდე ვითხოვთ და არ გადმოგვცემენ", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
შპს "დელტაკომი" თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია. დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, 5 პირის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ "დელტაკომის" განცხადების საფუძველზე დაიწყო.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.