არსებობს გარემოებები, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს პატიმრობა უნდა შეეცვალოთ

არსებობს გარემოებები, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს პატიმრობა უნდა შეეცვალოთ

გარდა თავდებობისა, არსებობს გარემოებები, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა შეეცვალოთ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაკავებულების ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, "სილქნეტთან" გაფორმებული ხელშეკრულების საქმეზე გამოძიება 2014 წლის ივნისში დაიწყო. ბრალდებულებს კი ბრალი ოქტომბერში წარედგინათ. დეკემბერში კი, როგორც ადვოკატმა განაცხადა, პროკურატურამ წინასასამართლო სხდომის ორი თვით გადადება მოითხოვა. აქედან გამომდინარე, დაკავებულების დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყებიდან რვა თვეა გასული, პროკურატურას ყველა მტკიცებულება უნდა ჰქონდეს ამოღებული და მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში ყოფნის საფუძველი აღარ არსებობს.

ადვოკატმა დაასახელა საქალაქო სასამართლოს პრაქტიკა, მსგავს ვითარებაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და განაცხადა, რომ იმედოვნებს, საქალაქო სასამართლო მის შუამდგომლობასაც დააკმაყოფილებს დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ამასთან, ადვოკატმა კიდევ ერთი გარემოება დაასახელა, რომლის საფუძველზეც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს. კერძოდ, როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს ამ დროისათვის მოტივი, რომლის საფუძველზეც ბრალი წარედგინათ დაკავებულებს, არ არსებობს.

ადვოკატებმა დღეს მედიას პროკურორის ინტერვიუც მოასმენინეს.

თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამდებობის პირი 28 ოქტომბერს მითვისება-გაფლანგვის ბრალდებთ დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეფარდათ. დაკავებულებს თავდებში 37 საზოგადოებისთვის ცნობილი პირი, მათ შორის, პარლამენტარები უდგებიან. ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს პერიოდში მიმართავენ.