2015 წლის აპრილში გაირკვევა, როგორი იქნება

2015 წლის აპრილში გაირკვევა, როგორი იქნება "საქართველოს განვითარების ბანკი"

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის ინფორმაციით, 2015 წლის აპრილში გაირკვევა, როგორი იქნება "საქართველოს განვითარების ბანკი".

როგორც დავით საგანელიძემ ეკონომიკურ პორტალ  BPN.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, "საქართველოს განვითარების ბანკი" იქნება 100%-ით სახელმწიფო ბანკი, რომელშიც სასურველია, თანადამფუძნებელი ან თანაინვესტორი უცხოური ბანკი იყოს.

"ამ საკითხზე საუბარი ბევრ ქვეყანასთან გვქონდა. ერთი-ერთი მათგანი ჩინეთია, ასევე KFW, რომლის წარმომადგენლობა თბილისშია. თუ გადავხედავთ, რა გადის საქართველოდან ექსპორტზე და რა შემოდის იმპორტით - სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილზეა, ავტომობილები, რომლის რეექსპორტსაც საქართველო ახორციელებს, მეორეზე - წიაღისეული, მესამეზე - მინერალური წყლები და შემდეგ მოდის ღვინო. თუმცა, თუ ღინოს არ ჩავთვლით, ამ ჩამონათვალიდან არც ერთის წარმოება არ ხდება, ანუ დამატებითი ღირებულება არ იქმნება და არც მუშახელია დასაქმებული. სახელმწიფო ბანკმა სწორედ ადგილობრივი რესურსი უნდა აითვისოს და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენების საკითხი უნდა წამოწიოს წინ. ისეთი სფეროები უნდა ვიპოვოთ, რომელსაც კერძო ბიზნესი არ აფინანსებს", - განაცხადა დავით საგანელიძემ.

მისივე თქმით, ბანკის კლიენტები მხოლოდ იურიდული პირები და კომპანიები იქნებიან და მათთვის აკრედიტაციის გაცემა, მონიტირონგი და მომსახურება მხოლოდ კომერციული ბანკების საშუალებით მოხდება.

"დამუშავდება პროექტები, გამოიყოფა თანხა, კრედიტის ამღებისგან დადგინდება საპროცენტო განაკვეთი, მომსახურება, გაცემა და განაწილება, კომერციული ბანკის საშუალებით მოხდება, რაშიც ბანკი თავის მცირე მოგებასაც ჩადებს. საუბარია ინოვაციიურ პროექტებზე, რომელსაც ახლა არც ერთი ბანკი არ აფინანსებს", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.

მისი თქმით, საქართველოს განვითარების ბანკის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"ასეთი ტიპის ბანკმა შესაძლოა საინვესტიციო გარემოში გადატრიალება მოახდინოს. ეს ბანკი დააფინანსებს იმ სფეროებსა და მიმართულებებს, რომელსაც კომერციული ბანკები რამდენიმე მიზეზის გამო არ აფინანსებენ, მათ შორის "სტარტაპებს", - აცხადებს საგანელიძე.

რაც შეეხება, სახელმწიფოს ბანკის სტრუქტურას, საგანელიძე ამბობს, რომ ეს არ იქნება ჩინურის ანალოგი.

"2015 წლის აპრილში, სამუშაო ჯგუფს უკვე ექნება თავის შეთავაზება და ვერსიები, თუ როგორ უნდა იყოს ეს ბანკი. საბენდიეროდ, რეკომენდაციებს გვაძლევს KFW, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

"საქართველოს განვითარების ბანკის" დაფუძნებაზე საუბარი რამდენიმე ხნის წინ აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა მთავრობის წევრებმა შემდეგ განაცხადეს, რომ ბანკის შექმნაზე საუბარი ნაადრევია.