საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სტრასბურგში გიორგი მარგველაშვილის გამგზავრების საკითხის მოგვრებაში დიპლომატიური არხები, მათ შორის მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო იყვნენ ჩართული.
როგორც ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესზე პრეზიდენტის დასწრების გადაწყვეტილება საქართველოს ღირსეულად წარმოდგენის სურვილით არის განპირობებული.
"ხვალ, მოგეხსენებათ, ევროპარლამენტში განიხილება საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს არის მართლაც ისტორიული დღე და თავისთავად ცხადია, რომ საქართველო უნდა იყოს წარმოდგენილი ღირსეულად. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყნის მეთაური, დაესწრება ამ ღონისძიებას. პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენი ევროპული სწრაფვა არის ქართველი ხალხის არჩევანი და პრეზიდენტი, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატველი, წარმოადგენს ქვეყანას ამ ღონისძიებაზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ევროპარლამენტისგან ღონისძიებაზე დასწრების მოსაწვევი, ფხლაძემ აღნიშნა, რომ "პროცედურულად ეს საკითხი სხვანაირად წყდება".
"პრეზიდენტს არ სჭირდება მოწვევა. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური და როდესაც განიხილება საქართველოს საკითხი, მას აქვს სრული უფლება, ღონისძიებას დაესწროს. დანარჩენი გვარდება დიპლომატიური არხებით, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. დიპლომატიური არხები გულისხმობს მთავრობის, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართვას ამ საკითხში. ასე რომ, ყველა პროცედურა არის დაცული, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპარლამენტი", აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა.
თენგიზ ფხალაძის განმარტებით, სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის პროგრამის კონკრეტული დეტალები დაზუსტების პროცესშია.