ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნებოდა, თუ რატიფიკაციას უმაღლესი ხელისუფლება არ დაესწრებოდა

ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნებოდა, თუ რატიფიკაციას უმაღლესი ხელისუფლება არ დაესწრებოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, დავით ზალკალიანი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწროს, მიესალმება.

როგორც დავით ზალკალიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, მისთვისაც მოულოდნელი იყო სიტუაციის ასე განვითარება იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ გუშინ ცნობილი იყო, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მხოლოდ ელჩი იქნებოდა და პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე წარმოდგენილი.

ზალკალიანი ფიქრობს, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნებოდა, თუ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების დროს საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება არ იქნებოდა წარმოდგენილი.

"საქართველომ ყველა ასეთი დონის ფორუმი, მაღალი ტრიბუნა უნდა გამოიყენოს, მითუმეტეს, რეგიონში უამრავი გამოწვევაა, რომელიც მოითხოვს ჩვენგან და ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან სწრაფ რეაგირებას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ ეს ტრიბუნა აუცილებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. შესაძლოა იქ მათ არ მისცემოდათ და ალბათ, არც მიეცემათ სიტყვით გამოსვლის საშუალება, მაგრამ ეს არის კარგი შესაძლებლობა გქონდეს კონტაქტი ევროპარლამენტარებთან, სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლებთან. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ევროპარლამენტარებს არასათანადო ინფორმაცია მიეწოდებათ და რომ ოპოზიცია უფრო აქტიურია, სწორედ ასეთი ფორუმების დროს შესაძლებელია მაღალი რანგის დელეგაციების გაგზავნით სიტუაციის მათ სასარგებლოდ გამოსწორება", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისი თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დაესწროს ასოცირების შეთანხმებსს რატიფცირების პროცესს.

"მივესალმები, რომ პრეზიდენტი ჩავა, რადგანაც, იგივე უკრაინის მაგალითი რომ გავიხსენოთ, უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს თუ არ ვცდები ქვეყნის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დაესწრო", -განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ხელისუფლებამ თუნდაც იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მადლობა უთხრას ევროპარლამენტარებს ამ ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კურსის ხელშეწყობისთვის.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სტრასბურგში გაემგზავრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება.