ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და რატიფიცირების პროცესზე დასასწრებად მიდის, - ამის შესახებ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა , კახა გოგოლაშვილმა "ინტერპრენიუსს" განუცხადა.
მისივე თქმით, უცნაური იყო, როდესაც საქართველოს ხელისუფლებიდან რატიფიცრების პროცესზე დასწრებას არავინ აპირებდა. კახა გოგოლაშვილმა გაიხსენა, რომ უკრაინასთან ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრო, სიტყვით გამოვიდა და ამას გარკვეული რეზონანსი ჰქონდა.
"ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ცოტა გვიან არის მიღებული, ჯობდა მითქმა-მოთქმა და საუბრები ამის გარშემო საერთოდ არ ყოფილიყო, რაღაც ეჭვები არ გაჩენილიყო. ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწვეტილება და მიდის ამ ღონისძიებაზე დასასწრებად. ვფიქრობ, შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი წასულიყო, ორივე ერთად მიღებული არ არის, მაგრამ ერთ-ერთი აუცილელად უნდა წასულიყო და საქართველოს სახელმწიფოს სახელით მადლობა უნდა გამოეცხადებინა, პატივი მიეგო ევროპარლამენტარებისათვის, თავისი ხედვა დაენახვებინა, რას აპირებს საქართველო, როგორ უყურებს ამ მოვლენას", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ღონისძიებაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დასწრებით უხერხულობას არ ელოდება. მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მიწვეულია როგორც კერძო პირი, სიტყვით არ გამოვა, არ დაესწრება რატიფიცირების პროცედურებს და შესაძლოა, მიღებაზე მოხვდეს.
"ერთ დარბაზში არ იქნებიან. მიხეილ სააკაშვილი იმ მომენტში დარბაზში არ იქნება. შესაძლებელია, იყოს იმ ადგილას, სადაც სტუმრები არიან, სადაც, პრინციპში, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შესვლა, მაგრამ არ იქნება იმ პირთა შორის, რომლებიც ოფიციალურად იმყოფებიან დარბაზში. ყოფილი პრეზიდენტი სადმე მიღებაზე თუ გამოჩნდება, ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერი არ არის", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 18 დეკემბერს ევროპარლამენტის სესიას დაესწრება, რომელზეც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდება.