ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის აზრით, "ევროპის სახალხო პარტია" არ ითვალისწინებს მოკავშირე ქვეყნის საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებას მიხეილ სააკაშვილის "ევროპულობასთან" დაკავშირებით.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია ვოლსკიმ ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციაზე ექსპრეზიდენტის მიწვევის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
"სააკაშვილის მიწვევას რაც შეეხება, ვფიქრობ ეს არავის გაკვირვებია, რადგან "სახალხო პარტიას" ახასიათებს ასეთი სოლიდარობა, მიუხედავად პოლიტიკური ვითარებისა. ვფიქრობ, არასწორია არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ ბევრ სხვა შემთხვევაში, ვინაიდან ეს არ ითვალისწინებს მოკავშირე ქვეყნის - საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებას მიშა სააკაშვილის "ევროპულობასთან" დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტს, რომელსაც ევროპარლამენტი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად განიხილავს, გიორგი ვოლსკი დადებითად აფასებს მომხსენებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, თუმცა აცხადებს, რომ ამაში ინიცირებულია რიგი დამატებები ასევე "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ, რომელიც გარკვეულ ადგილებში საკმაოდ უხეშად ახასიათებს სასამართლო სისტემას და გამოხატავს დამოკიდებულებას ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკური ლიდერის მიმართ, რომლებიც "სახალხო პარტიის" წევრები არიან.
"თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ყველა შესწორება, "სახალხო პარტიის" ყველა მოსაზრება გაიმარჯვებს, არ მაქვს, მაგრამ გარკვეული თემები იქნება, რომლებიც არ შეესაბამება რეალობას", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.