სტრასბურგში, ევროპარლამენტში პლენარული სხდომა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს საკითხი მეორე საკითხად განიხილება და ევროპარლამენტარები დებატებს გამართავენ რეზოლუციის ტექსტის და მასში შესული შესწორებების შესახებ.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლატვიელი ევროპარლამენტარის ანდრეას მამიკინსის მიერ მომზადებულ რეზოლუციაში რამდენიმე შესწორება შევიდა, რომელიც 10 დეკემბრით არის დათარიღებული.
რეზოლუციის მე-11 პუნქტში შესული შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გმობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორიობის" შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას და ამას რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიისკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს.
"ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას, რომ მსგავსი "ხელშეკრულება" შესაძლოა გაფორმდეს ცხინვალის რეგიონთანაც და რუსეთს ე.წ. "შეთანხმების" გაუქმებისკენ და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს", - ნათქვამია შესწორებაში.
შესწორება არის შეტანილი რეზოლუციის მე-15 პუნტში, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს წინა მთავრობისა და მოქმედი ოპოზიციის რამდენიმე წევრის გასამართლების, დაპატიმრებისა და წინასწარი პატიმრობის შეფარდების გამო.
"ევროპარლამენტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოტენციური გამოყენების გამო, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ კურსსა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში", - ნათქვამია შესწორებაში.
22-ე პუნქტში, რომელიც საქართველოში ისლამოფობიასა და ჰომოფობიას ეხება, შესულ შესწორებაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია ისლამოფობიისა და ჰომოფობიის ძალადობრივი ქმედების ყველა დამნაშავე წარსდეს მართლმსაჯულების წინაშე.
ევროპარლამენტი ხვალ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.