„კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ტყუილი არ არის მისაღები“

„კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, ტყუილი არ არის მისაღები“

ასე გამოეხმაურა დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებას, უწყების მიერ თანხების ათვისებასთან დაკავშირებით.

როგორც დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია დავით ონოფრიშვილის თანაშემწესთან და მოხდა ციფრების დაზუსტება, თუმცა „რატომღაც ონოფრიშვილმა აიღო ის ციფრები, რომელიც მას როგორც ჩანს, უფრო მეტად აწყობდა“.

„რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარეობას, მე არ მითქვამს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ზოგადად ოპოზიციონერი არ უნდა იყოს. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ისე არ ჩამითვალოთ, რომ ბესელიას ვებრძვი, მაგრამ ვთქვათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე - შეიძლება იყოს ოპოზიციონერი, მაგრამ ბიუჯეტი მთავარი კანონია, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას, რა მიმართულებით, თუ რა მიმართულებით ვვითარდებით. მიმაჩნია, რომ თუ საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციაში უდგას ბიუჯეტს და ის განმისაზღვრავს პრიორიტეტებს, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე ოპოზიცია“, - განაცხადა სუბარმა და დასძინა, რომ მან ამით თავისი აზრი გამოხატა ნახევრად ხუმრობით და ნახევრად გულწრფელად.

რაც შეეხება იმას, დაწყებულია თუ არა კონსულტაცია დავით ონოფრიშვილის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების შესახებ, სუბარის თქმით, ეს არის პარლამენტის საქმე და მინისტრი ამაში ჩარევას არ აპირებს.

რაც შეეხება ბიუჯეტის ათვისებას, მინისტრის განცხადებით, ამ წუთისთვის საკასო შესრულება არის 85%, არის აღებული ვალდებულებების 90%-იანი შესრულება, ხოლო კვირის ბოლომდე მინისტრი ვარაუდობს, რომ უწყება ბიუჯეტის 100%-იან შესრულებას მიუახლოვდება.