ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საპარლამენტო განზომილებაა, სადაც საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება საპარლამენტო განზომილებაა, სადაც საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი

ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება არის საპარლამენტო განზომილება, სადაც საქართველო ღირსეულად იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, რაც სახელმწიფო მინისტრმა იმით ახსნა, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო რატიფიცირება არის უკვე საპარლამენტო განზომილება.

"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც მოხდება რატიფიცირება. მას შემდეგ, რაც ამ ეტაპისთვის უკვე ევროკავშირის ათმა სახელმწიფომ მოახდინა რატიფიცირება ორმხრივ ფორმატში, ხვალ მოხდება რატიფიცირება ევროპარლამენტში. ეს არის საპარლამენტო განზომილება, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტი იქნება წარმოდგენილი კომიტეტების თავმჯდომარეების დონეზე. სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო დასწრება, მაგრამ ჩვენ ვიქნებით ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ხვალინდელ რატიფიცირების ცერემონიალზე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ რატიფიცირებას დაესწრება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბაქრაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სტატუსით იქნება ექსპრეზიდენტი წარმოდგენილი.