გია ვოლსკი რატიფიკაციის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას უსიამოვნო ფაქტად აფასებს

გია ვოლსკი რატიფიკაციის პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დასწრებას უსიამოვნო ფაქტად აფასებს

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ეს საკითხი „სახალხო პარტიის“ მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ მიემგზავრებიან მთავრობის წარმომადგენლები ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესზე დასასწრებად, ვოლსკის თქმით, ეს არის საპარლამენტო ღონისძიება და სამთავრობო სტრუქტურების დასწრებას არ ითვალისწინებს.

„სამწუხაროდ, პარლამენტის თავმჯდომარის დაგეგმილი შეხვედრა ვერ შედგა. დარწმუნებულები ვიყავით, რომ პრობლემას მოაგვარებდა, საქმე ეხება პირადი ჯანმრთელობის საკითხს, თუმცა ამ პროცესს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და ჩვენი ელჩი დაესწრებიან“, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიწვევას, გია ვოლსკის განცხადებით, ასე გადაწყვიტა მისმა მოგვარემ „სახალხო პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და მათ აქვთ ამის უფლება.

„დასაჯდომი თუ დასასწრები ადგილი არის ჩვეულებრივი მოქალაქეთა სექცია. ვნახოთ, თვითონ თუ მოინდომებს. ყოველ შემთხვევაში, უსიამოვნო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას, ასეთ ღონისძიებაზეა მიწვეული, მაგრამ „სახალხო პარტიის“ სოლიდარობის მნიშვნელოვანმა გავლენამ და მათმა უფლებამ გადაწყვიტა ეს საკითხი“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ეს არის საპარლამენტო ღონისძიება, რომელზეც სიტყვით გამოსვლის უფლებით მინისტრთა კაბინეტის წევრი არ სარგებლობს. გამოსვლისა და განცხადებების გაკეთების უფლება პარლამენტარებს აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია ხვალ არის დაგეგმილი.