მიხეილ გიორგაძე - საყდრისის საბადოს აფეთქება

მიხეილ გიორგაძე - საყდრისის საბადოს აფეთქება "იდეალური გამოსავალი" არ იყო

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის შეფასებით, საყდრისის საბადოს აფეთქება "იდეალური გამოსავალი" არ იყო, თუმცა შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება "ყველაზე ოპტიმალურ" ვარიანტს წარმოადგენდა. ამის შესახებ გიორგაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"ჩემს მიერ გამოცემულ ბრძანებას აფეთქებებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ჩემი ბრძანება ეხებოდა ძეგლის სტატუსის მოხსნას, რომელიც დაფუძნებული იყო კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებაზე. 

რაც შეეხება იმას, სწორად მიმაჩნია თუ არა მიღებული გადაწყვეტილება, მას ორი მხარე აქვს - სამართლებრივი და შინაარსობრივი. სამართლებრივად ეს იყო კანონით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით მიღებული გადაწყვეტილება, შინაარსობრივად კი, ვფიქრობ, ეს, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო იდეალური გამოსავალი, იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან და დოკუმენტური მასალიდან გამომდინარე, რაც საბჭოს ხელთ ჰქონდა, იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კულტურის მინისტრის მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილების უკან ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ დგას. "არანაირი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერთან არ მქონია. არც რაიმე სხვა საშუალებით – შუამავლის სახით არ მომხდარა ჩვენს შორის არანაირი კომუნიკაცია", - აღნიშნა გიორგაძემ.