ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან ერთად, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებასთან ერთად, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს საქართველოს თაობაზე დებატები გაიმართება, ხოლო 18 დეკემბერს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, დავით კერესელიძის განცხადებით, 18 დეკემბერს ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. 

როგორს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 10 ქვეყანამ მოახდინა - რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, ხორვატია. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით კი, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მისი მიღების შემდეგ იქნება ცნობილი. დავით ბაქრაძე იმედოვნებს, რომ რეზოლუციაში ასახული იქნება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. 

"17 დეკემბერს დაიწყება განხილვა, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება კი 18 დეკემბერს არის დანიშნული. რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმცია, განიხილება ასევე რეზულუცია, რომლის საბოლოო პროექტი მიღების შემდეგ იქნება ცნობილი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება მთავრობის მიერ, თუმცა ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ აღიარებული იქნება ის პროგრესი, რის გამოც მოხდა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა. ეს არის პროგრესი მედიათავისუფლების, შრომითი უფლებების, სასამართლო რეფორმების დაწყების, საკუთრების უფლებების მხრივ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და დასძინა, რომ ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ გადაწყვეტილებას ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების გზით.