ლავროვი:    რუსეთისთვის ნატო მტერი არ არის

ლავროვი: რუსეთისთვის ნატო მტერი არ არის

რუსეთს ნატო არასოდეს უხსენებია მტრის კონტექსტში. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "France 24"-თან ინტერვიუში განაცხადა .

ჟურნალისტის რეპლიკაზე: "თქვენი აზრით, ნატო მტრული ორგანიზაციაა რუსეთთან მიმართებაში?" - ლავროვმა უპასუხა: "ჩვენ ეს არასოდეს გვითქვამს". მისი თქმით, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში არსად არის ნახსენები ნატო, როგორც რუსეთის მტერი.

ლავროვის განცხადებით, ამ დოქტრინაში ნათქვამია ის, რომ რუსეთისთვის უსაფრთხოების რისკია არა თავად ორგანიზაცია, არამედ მისი გაფართოება აღმოსავლეთით და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოება. "ანუ ნატოს მილიტარიზებული წინსვლა აღმოსავლეთით რუსეთის სამხედრო დოქტრინით განსაზღვრულია, როგორც რუსეთის უსაფრთხოებისადმი საფრთხე", - აღნიშნა ლავროვმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა რუსეთი ნატოსთან ურთიერთობის გაწყვეტას, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს ურთიერთობა ალიანსმა უკვე თავად გაწყვიტა და ერთადერთი ფორმატი, რომელიც შეინარჩუნა გაყინული სახით, ეს არის ნატო-რუსეთის საბჭო.