კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გამოსულმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გამოსულმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა

საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობასთან არასამთავრობოების აქცია მიმდინარეობს. აქციაში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, კერძოდ, "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის", სტუდენტური მოძრაობა "მწვანე მუშტის" წევრები და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მონაწილეობენ.

მონაწილეებმა აქცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შენობასთან სტვენით დაიწყეს. ისინი იქ სასტვენებითა და პლაკატებით მივიდნენ, რომელზეც წერია: "ისტორიის მკვლელები", "ორჯონიკიძე, დედა გყავს?!", "ძეგლთა ნგრევის სააგენტო" და სხვ.

როგორც "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წარმომადგენელმა, ირაკლი მამალაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მათი მოთხოვნაა იმ დოკუმენტის გასაჯაროება, რომლის საფუძვეზეც ისტორიულ ოქროს საბადოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. აქციის მონაწილეები ითხოვენ ამ პროცესში მონაწილე პირების დასჯას.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, საყდრისის აფეთქებით აზრი დაეკარგა სასამართლოში ამ საკითხის გასაჩივრებას. მათ მიზნად ჰქონდათ, რომ გადაერჩინათ ძეგლი. კოჟორიძე აცხადებს, რომ ისტორიული ოქროს საბადო უკვე დანგრეულია და კულტურის სამინისტრომ მათ არ მისცა საშუალება ძეგლის დაცვისა და გადარჩენისთვის სასამართლოს გზით მიეღწიათ.

აქცია ამ წუთებშიც გრძელდება და ელოდებიან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან აქციის მონაწილეებს ვინმე გამოეხმაურება. სააგენტოს შენობიდან გამოსულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს შუა თითი უჩვენა, რამაც აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია და ისინი ცდილობდნენ სააგენტოს ამ თანამშრომლის მანქანის გადაადგილება შეეზღუდათ, რათა არ დაეტოვებინათ სააგენტოს შენობის ტერიტორია.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, რომლებიც სიტუაციას აკონტროლებენ.